17 მაისს 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს
17 მაისს 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს

საპატრიარქოში 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. როგორც დეკანოზმა შალვა კეკელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დღეს 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს.

„მეხუთე წელია, ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის და აწყურის ღვთისმშობლის ხატის შემობრძანებას საქართველოში საზეიმო მსვლელობით აღნიშნავს. ხატით მოგზაურობა იწყება 10 მაისს და მთავრდება 17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში. მსვლელობა დაემთხვა ამაღლების დღესასწაულს, ამიტომ, ხალხი წირვის შემდეგ შეიკრიბება ვარდების მოედანზე და მსვლელობა დაიძვრება სამების ტაძრისკენ.

გვაქვს ღონისძიებები დაგეგმილი ქაშუეთის ეკლესიასთან, დაილოცება 300 ოჯახი, რომელთაც 6 შვილი ჰყავთ. 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს, 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს მიეძღვნება“, – აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

საპატრიარქო 17 მაისის განრიგს ავრცელებს – 10:00 დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში (გარეთ დამონტაჟებული იქნება მონიტორები); 11:30 მოხდება გვარების შეკრება ფილარმონიასთან; 12:00 დაიწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ვარდების მოედნიდან; 12:00 პარალელურად, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი (ექვს შვილიანი) ოჯახები; 13:00 ქაშუეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება ვარდების მოედნიდან მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით 14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადახდილი იქნება სამადლობელი პარაკლისი და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი.