17 ივნისს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი ეწვევა
17 ივნისს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი ეწვევა

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი საქართველოს, აზერბაიჯანს და სომხეთს ეწვევა. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის მიზანია ამერიკის ერთგულების ხაზგასმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის მიმართ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კარენ დონფრიდი საქართველოს 17 ივნისს ეწვევა და დაესწრება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციას.​ დონფირდი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც, რათა განიხილონ კრემლის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განხილვის ერთ-ერთი საკითხი იქნება, როგორ შეუძლია ამერიკას სამომავლოდ დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში, კანონის უზენაესობის წინსვლაში, ეკონომიკის დივერსიფიკაციაში და აყვავებული მომავლის მშენებლობაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.