17 იანვრიდან თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება 
17 იანვრიდან თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება 

თბილისის მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ჯავახიშვილისა და გორკის ქუჩების კვეთიდან ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა 17 იანვრის 11:00 საათიდან ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ჯავახიშვილის ქუჩიდან გორკის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება გოგიბერიძის, წინამძღვრიშვილისა და ტოლსტოის ქუჩების გავლით, ხეთაგუროვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით კი, გადაადგილება დასაშვები იქნება გორკის, ნათიშვილისა და ქურდიანის ქუჩების საშუალებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები – N59 და N122 ხეთაგუროვის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, გოგიბერიძის ქუჩის ნაცვლად, ზაარბრიუკენის მოედანზე ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით მოხვდებიან, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, ავტობუსები გადაადგილდებიან უცვლელი მარშრუტით; ავტობუსი – N91 გორკის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ჯავახიშვილის და გოგიბერიძის ქუჩების ნაცვლად, გადაადგილდება ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგენილი სქემით შეძლებს; N95 ავტობუსი ჩიტაიას ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, გოგიბერიძისა და ლევ ტოლსტოის ქუჩების გავლით გადაადგილდება. უკუმიმართულებისას, ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან ჩიქობავას ქუჩის მიმართულებით, პუშკინის ქუჩის, რუსთაველის გამზირის, ჭანტურიას ქუჩის, მშრალი ხიდის, ზაარბრიუკენის მოედნისა და გოგიბერიძის ქუჩის გავლით იმოძრავებს, რის შემდეგაც, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, მერიის ცნობით, ნN62 და N117 ხეთაგუროვის ქუჩიდან ჩიქობავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, ზაარბრიუკენის მოედნისკენ გადაადგილდებიან, რის შემდეგაც, გოგიბერიძის ქუჩის გავლით, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. უკუმიმართულებისას, მარშრუტი შეეცვლება მხოლოდ N117 მიკროავტობუსს, რომელიც ჩიტაიას ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, გოგიბერიძისა და ლევ ტოლსტოის ქუჩების გავლით იმოძრავებს.