16 წლის პაციენტის ტრანსპორტირებისას მომხდარ შემთხვევაზე „გადაუდებელი მედიცინის ცენტრი“ განმარტებას აკეთებს
16 წლის პაციენტის ტრანსპორტირებისას მომხდარ შემთხვევაზე „გადაუდებელი მედიცინის ცენტრი“ განმარტებას აკეთებს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ამბროლაურის კლინიკისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპანიის ხელმძღვანელები განმარტებებს აკეთებენ.

საქმე ეხება შემთხვევას, რომლის შესახებაც „ფეისბუქის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. სტატუსის თანახმად, რამდენიმე დღის წინ ამბროლაურის საავადმყოფოში სავარაუდოდ მწვავე ვირუსით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში 16 წლის მოზარდი მიიყვანეს. მალევე, პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. გამოიძახეს რეანომობილი, რომელიც ლენტეხიდან წავიდა. სტატუსის ავტორის თქმით, მანქანა ცუდ მდგომარეობაში იყო და რამდენიმე საათი დასჭირდა ადგილზე მისვლას. ბავშვი წაიყვანეს სუნთქვის აპარატზე შეერთებული, თუმცა მანქანა შაორთან გაფუჭდა, აპარატი გაითიშა და ბავშვი „ხელოვნური სუნთქვით აცოცხლეს ტყიბულის საავადმყოფომდე, თუმცა უჟანგბადობის გამო, ტვინი გაეთიშა“.

პოსტის ავტორის ინფორმაციით, ტყიბულში უკვე სხვა რეანომობილი გამოიძახეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, პაციენტი ქუთაისში წაიყვანეს.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამბროლაურის კლინიკის მენეჯერი ეკატერინე მურუსიძე აცხადებს, რომ აღნიშნული პაციენტი მათთან 21 ივლისს, 06:15 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. მისი ინფორმაციით, შეყვანისას ბავშვს სუნთქვის მკვეთრი უკმარისობა აღენიშნებოდა და მძიმე მდგომარეობაში იყო. დირექტორის თქმით, პაციენტი მაშინვე გადაიყვანეს ხელოვნურ სუნთქვაზე. ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება ბავშვის თბილისში ტრანსპორტირების შესახებ. ეკატერინე მურუსიძის თქმით, გადაყვანამდე ბავშვის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურებული იყო, თუმცა ბრიგადის მისვლის შემდეგაც დასჭირდათ გარკვეული დრო, რომ პაციენტი კატასტროფის მანქანაში გადაეყვანათ.

შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების“ სამედიცინო დირექტორის, ნინო ლოჩიშვილის ინფორმაციით კი, მათი კატასტროფის ბრიგადა ლენტეხიდან ამბროლაურში გამოძახებიდან 20 წუთში, 07:10 საათზე გავიდა და ადგილზე 08:40 საათზე მივიდა. კლინიკიდან კი 10:40 საათზე გამოვიდა. მისი განმარტებით, ეს დრო ბავშვის ტრანსპორტირებისთვის მომზადებას დასჭირდა. ლოჩიშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა გზაში დამძიმდა, რის გამოც მანქანის გაჩერება და ბავშვისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა გახდა საჭირო. მისი მდგომარეობის მეტ-ნაკლებად დასტაბილურების შემდეგ კი გზა გააგრძელეს. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების დირექტორი ამბობს, ჟანგბადის ბალონები მანქანაში საკმარისი რაოდენობით იყო, მათ შორის სარეზერვოც. ამიტომ, ლოჩიშვილი კატეგორიულად გამორიცხავს მანქანის გაფუჭებისა და აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტს. მისი განმარტებით, პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები კრიტიკული იყო და ამიტომ, ის ჯერ ტყიბულის კლინიკაში მიიყვანეს, შემდეგ კი სხვა ბრიგადამ ის ქუთაისში გადაიყვანა, სადაც მკურნალობას აგრძელებს.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი არხი ოჯახსაც დაუკავშირდა. ბავშვის ახლობელი, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ, აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობის დამძიმება რეანიმობილის დაზიანებამ გამოიწვია, რისი მოწმეც თავადაა. მისივე თქმით, ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ შესაბამის ორგანოებს მიმართავენ აღნიშნული ფაქტის გამოძიების მიზნით.