16-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთის ტურნირი სამხრეთ აფრიკასთან მოგებით დაიწყო #1TVSPORT

20:45, 04.04.2026

ბულგარეთში დაწყებული უეფა-ს განვითარების თასის სასტარტო მატჩში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი მე-15 წუთზე ბათუმის „პორტუსის“ მოთამაშემ, ჯუბა დუმბაძემ დააწინაურა. შესვენების შემდეგ „დინამო თბილისის“ თავდამსხმელმა, ნიკოლოზ სახვაძემ დუბლი (56, 67) შეასრულა – ორივეჯერ საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიას ძმამ, თორნიკე კვარაცხელიამ მიითვალა.

ჩვენი გუნდი შემდეგ შეხვედრას 6 აპრილს მასპინძელ ბულგარეთთან გამართავს, ხოლო ბოლო ტურში 8 აპრილს კოსოვოს დაუპირისპირდება.

გიორგი ჩიტაურის გუნდი შემოდგომაზე 17-წლამდელთა ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება, სადაც 3-გუნდიან ჯგუფში ყაზახეთს და ავსტრიას დაუპირისპირდება. შესარჩევი ციკლის მატჩებს 11-17 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს.

მსგავსი