15 ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდამ 200 პროცენტს გადააჭარბა
15 ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდამ 200 პროცენტს გადააჭარბა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დღეს ივნისის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 727 385 შეადგინა. ამასთან, რამდენიმე ქვეყნიდან ვიზიტორთა რაოდენობა განსაკუთრებით არის გაზრდილი. 15 ქვეყნის შემთხვევაში, ზრდა 200 პროცენტზე მეტია.

სიაში პანამა ლიდერობს, საიდანაც 2017 წლის ივნისში საქართველოს მხოლოდ ორი მოქალაქე ესტუმრა, წელს კი 24. შესაბამისად, ზრდა  1100 პროცენტის შეადგენს. მეორე ადგილზეა საუდის არაბეთი, საიდანაც ივნისში წელს საქართველოს 4697 მოგზაური ეწვია, ზრდა კი  955 პროცენტს შეადგენს. მესამე ადგილზეა ომანი 470 მოგზაურითა და 821 პროცენტიანი ზრდით.

ზრდის მიხედვით შემდეგ პოზიციებს იკავებენ: ლიხტენშტაინი – 7 მოგზაური, 600 პროცენტიანი ზრდა; პერუ – 42 მოგზაური, 600 პროცენტიანი ზრდა;  მიანმარი – 13 მოგზაური, 550 პროცენტიანი ზრდა; ყატარი –  200 მოგზაური, 545 პროცენტიანი ზრდა;  მავრიტანია – 12 მოგზაური, 500 პროცენტიანი ზრდა; ტუნისი  – 63 მოგზაური, 425 პროცენტიანი ზრდა; კამბოჯა  – 5 მოგზაური, 400 პროცენტიანი ზრდა.

ამასთან, 395 პროცენტით გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, ქუვეითიდან, საიდანაც საქართველოს წელს ივნისში 1071 მოგზაური ეწვია; 362 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა მექსიკიდან, საიდანაც საქართველოში ივნისში 259 მოგზაური ჩამოვიდა; 287 პროცენტით გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა ურუგვაიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოს ივნისში 31 მოგზაური ეწვია; ტაილანდიდან 426 მოგზაური ჩამოვიდა, წლიური ზრდა 222 პროცენტს შეადგენს;  ბაჰრეინიდან კი, საქართველოს ივნისში 193 მოგზაური სტუმრობდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს  206 პროცენტით აღემატება.