15 341 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 3 964-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა
15 341 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 3 964-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, 15 341 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 3 964-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველმა არხმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყების ინფორმაციით, დარღვევები აღმოაჩნდა შემოწმებული 159 მიკროავრტობუსიდან 90-ს.  6 450 ავტობუსიდან კი, ხარვეზები 1 688 ავტობუსის შემთხვევაში დაფიქსირდა.

პრობლემები და ხარვეზები ძირითადად გამონაბოლქვსა და სამუხრუჭე ხუნდების გაუმართაობას უკავშირდება.

სატრანსპორტო საშუალებებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა განესაზღვრა.

„2018 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 19 მარტამდე, ინსპექტირება სულ 15 341 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. აქედან, ვარგისად იქნა ცნობილი 11 352, ხოლო 3 964 დახარვეზდა და ხარვეზის  აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა მიეცა. 25 ავტოსატრანსპორტო საშუალებას კი, საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობა აეკრძალა“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ინსპექტირება 1 635 სატვირთო ავტომობილმა გაიარა, საიდანაც 522-ს ხარვეზი აღმოაჩნდა.

ინსპექტირების ღირებულება სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებისთვის 100 ლარს შეადგენს, ხოლო მსუბუქი ავტომობილებისთვის  – 60 ლარს.

თუ მძღოლი დაფიქსირებულ ხარვეზის ერთთვიან ვადაში არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირისთვის კი, ჯარიმა 200 ლარია.

ტექდათვალიერება ამჟამად მხოლოდ სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებს ეხება, სრულად, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის 2019 წლიდან ამოქმედდება.