13 წლის ბიჭმა ვიკინგების ხანის უნიკალური სამეფო განძი იპოვა
13 წლის ბიჭმა ვიკინგების ხანის უნიკალური სამეფო განძი იპოვა

ბალტიის ზღვაში, გერმანიის კუნძულ რიუგენზე, ვიკინგების ხანის უიშვიათესი განძი აღმოაჩინეს.

13 წლის ბიჭისა და მისი მასწავლებლის მიერ აღმოჩენილი განძი მოიცავს ყელსაბამებს, მარგალიტებს, სამაჯურებს, ბეჭდებსა და 600-ზე მეტ ვერცხლის მონეტას. განძის გარკვეული ნაწილი ეკუთვნის ცნობილ მეფეს, რომელიც 1000 წლის წინ ცხოვრობდა.

„ეს გახლავთ ამ სახის მონეტების უდიდესი საგანძური სამხრეთ-აღმოსავლეთ ბალტიის რეგიონში“, — წერია მეკლნბურგ-წინა პომერანიის სახელმწიფო არქეოლოგიური ოფისის განცხადებაში.

იანვარში, სახელმწიფო არქეოლოგიური ოფისის მოხალისე არქეოლოგები, რენე შონი და მისი მოსწავლე, 13 წლის ლუკა მალაშნიჩენკო განძს მეტალის დეტექტორებით ეძებდნენ. მოულოდნელად, მათ ალუმინის ნამტვრევის მსგავსი ნივთი იპოვეს.

თუმცა, როდესაც ის სახელმწიფო ოფისში მიიტანეს, გაირკვა, რომ სინამდვილეში იყო ვერცხლის მონეტა, რომელიც ვიკინგების ხანის სავაჭრო დასახლება ჰედებიუს ეკუთვნოდა.

სახელმწიფო ოფისმა წყვილს სთხოვა, აღმოჩენა საიდუმლოდ შეენახათ, სანამ გათხრები დაიწყებოდა. ამ ეტაპზე უკვე გათხრილია 400 კვადრატული მეტრი და აღმოჩენილია გაცილებით მეტი განძი.

დანიის მეფე ჰარალდ გორმსონი (910-987), რომელიც ლურჯკბილას სახელითაცაა ცნობილი ფერშეცვლილი კბილების გამო, დანიის ერთ-ერთი პირველი მეფე იყო. გარდა ამისა, მის სახელს უკავშირდება თავის ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელება.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე Bluetooth-ტექნოლოგიას სახელი სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა, რადგან ცნობილია, რომ ეს მეფე ქსელებისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიის განსაკუთრებულ უნარებს ფლობდა.

გარა ამისა, Bluetooth-ის ლოგო შექმნილია მისი ინიციალების, H და B-ისგან.

სიცოცხლის მიწურულს, ხანშიშესულ ლურჯკბილას საკუთარი ვაჟი, სვენ I (ჩანგალწვერა) აუჯანყდა და ტახტიდან ჩამოაგდო. ლურჯწვერა ბალტიის ზღვის გავლით ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიაში, პომერანიაში გაიქცა, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ დაიღუპა.

არქეოლოგთა შეფასებით, ახლად აღმოჩენილი მონეტები ამ რეგიონში ლურჯწვერას ყოფნის პერიოდს ეკუთვნის. მათ შორის ყველაზე ძველი მონეტა, დამასკოს დირჰამი, ახ. წ. 714 წლით თარიღდება, ყველაზე ახალი პენი კი 983 წლით.

ლურჯკბილას ეპოქასთან დაკავშირებული საგანძური ამ ზონაში წარსულშიც არის აღმოჩენილი. მათ შორის აღსანიშნავია ჰიდენზეეს განძი, რომელიც მოიცავს როგორც ქრისტიანულ ოქროს ჯვრებს, ისე ღმერთ თორის ჩაქუჩის სიმბოლოებს.

მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი