13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება
13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება

რადიოს მსოფლიო დღე წელს მეთორმეტედ აღინიშნება. „რადიო და მშვიდობა“ – ეს არის 2023 წელს რადიოს მსოფლიო დღის მთავარი იდეა.

13 თებერვალი იუნესკო-მ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. 1946 წელს სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო.

როგორც იუნესკო-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, „რადიო რჩება ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მედიასაშუალებად. მას აქვს დიდ აუდიტორიასთან წვდომის უნიკალური უნარი, შეუძლია, წარმოაჩინოს და ასახოს კაცობრიობის მრავალფეროვნება და საზოგადოების ყველა წევრის ხმა გააგონოს აუდიტორიას.

ომი, როგორც მშვიდობის ანტონიმი, ნიშნავს შეიარაღებულ კონფლიქტებს ქვეყნებს ან ჯგუფებს შორის, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მაგრამ ასევე შეიძლება გადაიზარდოს მედიანარატივების კონფლიქტში. რადიო მნიშვნელოვანი მოთამაშეა მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. იგი არა მხოლოდ ასახავს კონფლიქტებს, არამედ ცდილობს, ჩაწვდეს პრობლემის სათავეს და განმუხტოს იგი“.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, პირველი არხი რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნას ყოველ წელს უერთდება.

„წლევანდელი სლოგანია „რადიო და მშვიდობა“, რაც საზოგადოებისთვის რადიოს როლის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც საზოგადოებისთვის გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის მიმწოდებელი, განსაკუთრებულ როლს თამაშობს უსაფრთხო გარემოს შექმნაში. ეს როლი ყველაზე მეტად აქცენტირებულია მაშინ, როდესაც საზოგადოებაში განსაკუთრებული გარემოებებია: მასობრივი არეულობა, ომი, პანდემია, საგანგებო მდგომარეობა და ა.შ.

უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში პირველი არხი მჭიდროდ თანამშრომლობდა და თანამშრომლობს უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ევროპის მაუწყებელთა კავშირის ჩართულობით, დღემდე არაერთი ერთობლივი პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. მათ შორის, განსაკუთრებული სწორედ რადიოპროექტები იყო“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის, ნოელ კურანის განცხადებით, „რადიო ბუნებრივად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში კრიზისის დროს – ომში, საგანგებო სიტუაციებში“.

„პირველი, რასაც ხალხი აკეთებს, რადიოს რთავს ინფორმაციის მისაღებად. ეს სტატისტიკიდანაც ჩანს. ასე რომ, რადიო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ომის დროს. არ ვიცით, რის გამო ხდება ასე, შესაძლოა, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლები სწორად სახავენ პრიორიტეტებს, არჩევენ გასაშუქებელ თემებს.

მიმაჩნია, რომ ხელმისაწვდომობის სიმარტივე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, ისიც, რასაც ისინი რადიოსგან იღებენ, მასთან კავშირის შედეგად. დარწმუნებული ვარ, რომ რადიო გააგრძელებს ამ როლის შესრულებას“, – აცხადებს ნოელ კურანი.

მსოფლიოში პირველად, რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო.

საქართველოში პირველი რადიოსიგნალი 1925 წელს გადაიცა. საქართველოს რადიო ერთ-ერთი უძველესი რადიოა და ის უკვე 98 წელი ერთგულად ემსახურება მსმენელს.