13 ნოემბერს რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავს
13 ნოემბერს რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავს

13 ნოემბერს რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავს. ტელეკომპანია NTV-ს ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან სოჭში დაგეგმილ სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესზე ქურთული პარტია „დემოკრატიული კავშირის“ მიწვევას განიხილავს.

ანკარამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე გამოთქვა უკმაყოფილება და „დემოკრატიულ კავშირს“ ტერორისტული ორგანიზაცია უწოდა. თურქეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მოლაპარაკების პლატფორმაზე ქურთული პარტიის ადგილი არ არის.

ორი ქვეყნის ლიდერი სირიასა და ერაყში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზეც ისაუბრებს. რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესი სოჭში, 18 ნოემბერს ჩატარდება. ფორუმზე 33 ორგანიზაციაა მიწვეული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესის ჩატარების მიზანი სირიის კრიზისის დარეგულირების პროცესში მონაწილეთა რაოდენობის გაფართოებაა.