13 იანვრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
13 იანვრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

13-დან 17 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.

კერძოდ, მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.

ამასთან, ზღვაზე მოსალოდნელია ოთხ-ხუთბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.