13 იანვარს, სიდნეიში ვიქტორ სანეევის დაკრძალვის ცერემონია გაიმართება #1TVSPORT
მაშინ როდესაც სოხუმსა და თბილისში 13 იანვრის 04:55 იქნება, სიდნეიში კი 11:55, სიდნეის გარეუბან საზერლენდში, ოლსენის ცერემონიალურ სამლოცველოში ლეგენდარული ვიქტორ სანეევის დაკრძალვის ცერემონია გაიმართება.
ჟურნალისტი და მძლეოსნობის მწვრთნელი ავსტრალიელი მაიკ ჰარსტი და 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, სხვადასხვა დროს საბჭოთა კავშირისა და ავსტრალიის წყალბურთელთა ეროვნული გუნდების მწვრთნელი უზბეკი ერკინ შაგაევი იქნებიან ის პირები ვინც მის დაკრძალვაზე გამოსამშვიდობებელ სიტყვებს წარმოთქვამენ. ცერემონიას სამოქალაქო ცერემონიების ადგილობრივი რწმუნებული იან ტოლი გაუძღვება.
ცნობილი ამერიკელი ჯაზმენის კით ჯარეტის კომპოზიციასთან ერთად ცერემონიის უშუალო დამსწრენი „ცისფერი ტრიოს“ შესრულებით ორი ქართული სიმღერის ჩანაწერს „ზამთარია“-სა და „საქართველოო ლამაზო“-ს მოისმენენ.
დაკრძალვის ცერემონიის პირდაპირი ტრანსლაციის ლინკი.
12 იანვარს, 12-დან 17 საათამდე კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში მდებარე ოლიმპიურ მუზეუმში გაიხსნება სამძიმრის წიგნი და ყველას ექნება შესაძლებლობა ვიქტორ სანეევის ოჯახის წევრებს და ახლობლებს საკუთარი ჩანაწერით თანაგრძნობა გამოუცხადონ.