12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციისთვის 80 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციისთვის 80 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

მთავრობა საკურორტო ზონაში ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მოწესრიგების მიზნით დამატებით დაფინანსებას გამოყოფს, – აღნიშნულ საკითხს მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

კერძოდ, მოეწყობა კობი-გუდაურის სასრიალო ტრასების და ზამთრის სეზონისთვის ზვავსაწინააღმდეგო დროებითი სისტემა; რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ურეკის ძველ ბულვარს, ხოლო ახალი ბულვარის მოწყობისთვის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები; რეაბილიტირდება დაბა ბაკურიანში ცენტრალური, წრიული საფეხმავლო ბილიკი.

„ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს აუცილებლად ოთხსეზონიან კურორტად და აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები, ისევე როგორც დიდველის მიმდებარე ავტოსადგომის გაფართოება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დიდი მიტარბის საბაგირომდე მისასვლელ საავტომობილო გზას. მოხდება ქობულეთის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოების ინტენსიფიკაცია. ამ პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

მამუკა ბახტაძემ რაჭაში სტუმრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები კარგი ტემპით და ვადებში ხორციელდება, თუმცა, აუცილებელია, ცენტრალურთან ერთად, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა კიდევ უფრო სწრაფად და მასშტაბურად წარიმართოს.

„შესაბამისად, დღევანდელ მთავრობაზე განვიხილავთ საკითხს, რომლის მიხედვითაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება 12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 80 მილიონი ლარია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.