12-დან 18 ივლისის ჩათვლით თბილისში საჩოგბურთო ტურნირი გაიმართება
12-დან 18 ივლისის ჩათვლით თბილისში საჩოგბურთო ტურნირი გაიმართება

თბილისის მერიის, „საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა“ და „ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის“ მხარდაჭერით, ასევე, ა(ა)იპ „ჩოგბურთის“ ორგანიზებით, 12-დან 18 ივლისის ჩათვლით, საჩოგბურთო ტურნირი გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრი „საქართველოს თასი TEN-PRO Global Junior Tour“-ის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია TEN-PRO Global Junior Tour-ის ეგიდით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 30-მდე ქვეყნის 300 ნორჩი ჩოგბურთელი მიიღებს. საქართველოს თასი ბიჭებსა და გოგონებს შორის შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში ტარდება: U10, U11, U12, U13, U14, U15 და U16 (2005-დან 2013 წლამდე დაბადებულთა შორის).

სპორტსმენები ორ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ. ტურნირის განმავლობაში, თითოეულ მოთამაშეს შეუძლია, სულ მცირე ოთხ მატჩში მიიღოს მონაწილეობა. შეჯიბრს ათი დღის განმავლობაში, „ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია“ უმასპინძლებს.

საჩოგბურთო შეჯიბრში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ნიდერლანდები, სერბეთი, ბელგია, ბელარუსია, ბრაზილია, ყაზახეთი, მალტა, ინდოეთი, ირანი, თურქეთი და სხვა.

ტურნირის გახსნის ღონისძიება მონაწილე ქვეყნების წარდგენით დაიწყება. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საერთაშორისო და საჩოგბურთო ორგანიზაციების, ასევე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროექტის მიზანი ახალგაზრდა ჩოგბურთელების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული ტურნირის განვითარებაა.