ბერლინი-თბილისის 12 აპრილის ავიარეისზე ბილეთების საეჭვო შესყიდვის მცდელობა დაფიქსირდა
ბერლინი-თბილისის 12 აპრილის ავიარეისზე ბილეთების საეჭვო შესყიდვის მცდელობა დაფიქსირდა

კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ სამართალდამცავ ორგანოებს ბილეთების საეჭვო შესყიდვის მცდელობის ფაქტის მოკვლევის თხოვნით მიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ საგარეო უწყებას მიმდინარე წლის 12 აპრილის ბერლინი-თბილისი რეისზე ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის პროცესში საეჭვო შესყიდვის მცდელობის ფაქტის დაფიქსირების თაობაზე შეატყობინა. „ჯორჯიან ეარვეისის“ ვარაუდით, მოქალაქემ, რომელიც კომპანიის პირველადი მოკვლევის თანახმად, იმყოფებოდა  საქართველოში, სცადა ერთდროულად რამდენიმე ბილეთის შესყიდვა, დიდი ალბათობით, მომხმარებლისთვის დამატებითი გასამრჯელოს სანაცვლოდ მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

„როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრულ რეისებზე, რომელიც ემსახურება უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფას, დადგენილია სამგზავრო ბილეთის ზღვრული ფასი -199 ევრო და ყოვლად დაუშვებელია, მოხდეს მათი სხვა ფასში რეალიზება.

კომპანია ჯორჯიან ეარვეისის” ინფორმაციით, მან მიმართა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს გამოიკვლიოს აღნიშნული ფაქტი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ერთი ადამიანის მიერ შესყიდული ბილეთის გადაყიდვა შეუძლებელია. კომპანია მზად არის, ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან შემთხვევის შემდგომი გამოძიების მიზნით“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი