12 აგვისტოს დიდგორობის დღესასწაული აღინიშნება
12 აგვისტოს დიდგორობის დღესასწაული აღინიშნება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, 12 აგვისტოს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, დიდგორის მემორიალის ტერიტორია დამთვალიერებლის წინაშე წარდგება როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

სპეციალურ სივრცეებში მოეწყობა ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოჩინდება ტრადიციული სამოსი, ორნამენტები, კულინარია.

დღესასწაულის ფორმირება მოხდება დროსთან მიმართებაში. სცენაზე გაცოცხლდება აღმაშენებლის ეპოქა და თანამედროვე ეპოქასთან მისი შერწყმა მოხდება როგორც შემორჩენილი ტრადიციების გათამაშებით, ასევე უკვე მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენით. გაიმართება საბრძოლო ხელოვნების ნიმუშის წარმოდგენა, ასევე, საჭიდაო საჩვენებელი შეჯიბრებები: დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი.

საკონცერტო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები, ასევე წარმოდგენილნი იქნებიან როგორც ადგილობრივი, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახელმწიფო და სახალხო ფოლკლორული ანსამბლები.

დიდგორის ბრძოლას, ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, გამორჩეული ადგილი უკავია. მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით, დიდგორი დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის, ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. 1121 წელს, დიდგორის ბრძოლის გამარჯვებამ დასაბამი მისცა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება-გაერთიანებას და საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.