რატი იონათამიშვილი - სახელმწიფო ინტერესია, რომ რუსეთმა  საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაკისრებული კომპენსაცია გადაიხადოს
რატი იონათამიშვილი - სახელმწიფო ინტერესია, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაკისრებული კომპენსაცია გადაიხადოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ინტერესია, რომ რუსეთმა ის კომპენსაცია გადაიხადოს, რაც მათ ეკისრებათ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომელთაც არაჰუმანურად და დამამცირებლად მოექცნენ.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შეფასებული.

„ცხადია, ვიცოდით, რომ რუსეთი შეეცდებოდა და თავს აარიდებდა, თანხა არ გადაეხადა, მაგრამ რუსეთი იძულებული იქნება, ეს დავალება შეასრულოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღუსრულებლობის გამო რუსეთი კვლავ მკაცრად გააკრიტიკა და კომპენსაციის გადახდის ფორმის დასასახელებლად ბოლო ვადა მისცა.

ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომიტეტმა გადაწყვეტილებები 2019 წლის 23-25 სექტემბერს, 3-5 დეკემბერსა და 2020 წლის 3-5 მარტსა და 1-3 სექტემბერს მიიღო, რითაც გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ, სულ მცირე, 1500 პირზე.