115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა
115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, დევნილებს უძრავი ქონება შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებსა და თბილისში დაუკანონდათ.

„იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი დევნილებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ“, – აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართი კიდევ 1000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში კი 2000-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა.

სამინისტროს ცნობით, 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, 21 000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა.