მარეკ შჩიგელი - მივმართავთ ყველას, ვისაც შესწევს ძალა, წვლილი შეიტანოს დაძაბულობის გადაჭრაში, გავერთიანდეთ ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატში, რათა მწვავე საკითხებზე ვიმსჯელოთ
მარეკ შჩიგელი - მივმართავთ ყველას, ვისაც შესწევს ძალა, წვლილი შეიტანოს დაძაბულობის გადაჭრაში, გავერთიანდეთ ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატში, რათა მწვავე საკითხებზე ვიმსჯელოთ

ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მძიმე მდგომარეობაა, რაც უკავშირდება ბორდერიზაციის პროცესს და ასევე, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან კონტროლირებადი გამშვები პუნქტების დაკეტვას, – ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა განაცხადა, რომელი დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

შჩიგელის თქმით, მან სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე ოპერაციული საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება პრეზიდენტისათვის მიმეწოდებინა ინფორმაცია მიმდინარე ოპერაციული საქმიანობისა და ჩემი, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პრიორიტეტების შესახებ. ჩემი აზრით, ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნა ევროკავშირის მხრიდან ამ რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის გაწეული ძალისხმევის ერთგვარი გამოხატულებაა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა, რომლესაც აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს ობიექტური, ფაქტებზე დამყარებული შეფასება და ანგარიშები. ჩვენ ვპატრულირებთ კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან.  ჩემი აზრით, ჩვენი ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინციდენტებისა და დაკავებების შესაფასებლად, სანამ ისინი უკონტროლო ზღვრამდე გამწვავდება“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.

მან სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისიამ პანდემიის პერიოდშიც შეძლო განეხორციელებინა თავისი მანდატი.

„მსურს, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს მისიის დაფასების, ჩვენი ოპერაციული საქმიანობის მიმართ ინტერესის გამოხატვისა და იმ სურვილისათვის, რომ ჩვენი საქმიანობა თანხვედრაში იყოს თავდაპირველ მანდატთან, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიას ფარავს. მსურს, დავარწმუნო პრეზიდენტი, რომ პანდემიის პერიოდშიც კი, ჩვენ შევძელით განგვეხორციელებინა ჩვენი მანდატი და მოწოდებულნი ვართ, მომავალშიც განვაგრძოთ საქმიანობა.

ვხედავთ, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მძიმე მდგომარეობაა, რაც უკავშირდება ბორდერიზაციის პროცესს და ასევე, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან კონტროლირებადი გამშვები პუნქტების დაკეტვას. სამწუხაროდ, გარკვეული ინციდენტები სწორედ ამ მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

პანდემიის პერიოდშიც, ამ მდგომარეობამ თავისი გარკვეულწილად ნეგატიური გავლენა იქონია მოსახლეობაზე. ამიტომ, მივმართავთ ყველას, ვისაც შესწევს ძალა, წვლილი შეიტანოს დაძაბულობის გადაჭრაში, გავერთიანდეთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, რათა მწვავე საკითხებზე ვიმსჯელოთ. შესაბამისად, ეს ამ პრობლემების საპასუხოდ სწორი და შესაფერისი ფორმატია, სადაც თავიდან უნდა ავირიდოთ არასაჭირო პოლიტიკური რიტორიკა“, – აღნიშნა მარეკ შჩიგელმა.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების გადაჭრისკენ მიმართული პრაგმატული დიალოგის გაგრძელება.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და კომენტარები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.