112-სა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა
112-სა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისის დირექტორმა, ჰასან მოჰთაშამიმ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის გაფორმების მიზანს წარმოადგენს გაერო-ს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, კერძოდ, თანამშრომლობის ფარგლებში, 112-ის აპლიკაციის გამოყენებით იგეგმება სამიზნე აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის ზომებისა და არსებული სერვისების შესახებ, ასევე, შესაბამისი კამპანიის განხორციელება.

აღნიშნული ინიციატივის რეალიზება მოხდება გაერო-ს ერთობლივი პროგრამის – „გენდერული თანასწორობის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

შეხვედრაზე გიორგი არსოშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ტიპის დანაშაულის აღმოფხვრა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას.

შეხვედრის დასასრულს, 112-ის დირექტორმა გაერო-ს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეული მუდმივი მხარდაჭერისთვის.