112-ს სახის ამომცნობი კამერების სისტემა გადაეცა, რომელიც აეროპორტებში დამონტაჟდება
112-ს სახის ამომცნობი კამერების სისტემა გადაეცა, რომელიც აეროპორტებში დამონტაჟდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე აღჭურვილობა – სახის ამომცნობი კამერების სისტემა გადაეცა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული ტექნიკა სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, კერძოდ, საერთაშორისო აეროპორტების ტერიტორიაზე დამონტაჟდება და მათი საშუალებით მოხდება როგორც შემომსვლელ, ასევე, გამსვლელ მგზავრთა ნაკადის მონიტორინგი, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს.

აღჭურვილობის შეძენა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის – „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) – ინტეგრირებული საზღვრის მართვა (SAFE IBM)“ – ფარგლებში განხორციელდა.

„პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი