„112“-მა მობილური აპლიკაცია შექმნა, რომელიც მოქალაქეებს ჩუმი განგაშის გაგზავნის და ოპერატორთან მიმოწერის საშუალებას აძლევს
„112“-მა მობილური აპლიკაცია შექმნა, რომელიც მოქალაქეებს ჩუმი განგაშის გაგზავნის და ოპერატორთან მიმოწერის საშუალებას აძლევს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტი „112“-ის მობილური აპლიკაცია შექმნა.

შსს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, შესაძლებლობა ექნება ჩამოტვირთოს და ისარგებლოს „112“-ის მობილური აპლიკაციით.

აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს საგანგებო სამსახურების შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს.

აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა „112“-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“).

აღნიშნული ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით ექმნება საფრთხე.

აპლიკაცია უფასოა, აქვს IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მსოფლიოს 13 ქვეყანაშია დანერგილი მობილური აპლიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება.

მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია 112-ის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

ამ დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მოადგილეებთან ერთად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის რუსთავის „ქოლ-ცენტრს“ ეწვია.

ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა „112“-ის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და „112“-ის ეფექტურ მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა „112“-ის რუსთავის ცენტრი დაათვალიერეს, ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და დეპარტამენტის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

11 თებერვალს, 112-ის დღეს აღნიშნავს როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მისი მიზანია მოსახლეობაში 112-ის ცნობადობის გაზრდა.

ყოველწლიურად, ამ დღეს, საქართველოს „112“ სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიას ატარებს.