112-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის სტრუქტურული გაერთიანება იგეგმება
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის სტრუქტურული გაერთიანება იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ცვლილებები უკვე მოამზადა, რომლის ინიცირებაც 10 ივნისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ 112-ის ფუნქციად რჩება საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამართალდარღვევებისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის მიზნით შეტყობინებების მიღება 112-ის საშუალებით. აგრეთვე, მის უფლებამოსილებებს ქვეყნის მასშტაბით დაემატება 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, ძებნილი პირებისა და ავტომობილების აღმოჩენის, ასევე სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.
ამასთან, ინიციატივით განისაზღვრება, რომ კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიას სამინისტროს ნაცვლად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 გასცემს და აღნიშნულ საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელიც იქნება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ 112-ის მომსახურების საფასურს, საფასურის გადამხდელი პირების წრესა და მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. ამას გარდა, კანონპროექტში განმარტებულია, რომ 112-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის უფლებამონაცვლედ 112 ჩაითვლება, ხოლო 112-ში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრში 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით დასაქმებული მოსამსახურეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები შესაბამის თანამდებობებზე უკონკურსოდ იქნებიან გადაყვანილი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის მოსამსახურეებად ჩაითვლებიან და მათი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები სამინისტროში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის მიხედვით განისაზღვრება.