11 457 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 2 935-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა
11 457 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 2 935-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

11 457 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 2 935-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა. ინფორმაცია პირველმა არხმა ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყების ინფორმაციით, ხარვეზების უმეტესობა იყო სამუხრუჭე მოწყობილობის გაუმართაობას, გამონაბოლქვს, ფარებსა და შუქამრეკლებს უკავშირდებოდა. დარღვევების გამოსასწორებლად სატრანსპორტო საშუალების მფლობელებს ერთთვიანი ვადა აქვთ.

„2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა 11 457 ავტოსატრანსპორტო საშუალებას. აქედან 2 935 ავტოსატრანსპორტო საშუალება ცნობილ იქნა უვარგისად და მიეცათ ერთთვიანი გამოსასწორებელი ვადა. შემოწმებული 11 457 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 2 405 ავტოსატრანსპორტო საშუალება არის იურიდიული პირის მფლობელობაში“, – განუცხადეს პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროში.

თუ მძღოლი ერთთვიან ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირისთვის კი ჯარიმა 200 ლარით განისაზღვრა. კომპანიასთან ერთად, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან  ტექდათვალიერება სამგზავრო (რვა ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებს ეხება.

2018 წლის 1-ლი ივლისიდან კი ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები.

2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო გახდება მსუბუქი ავტომობილებისთვის, რომელთა ძრავის მოცულობა სამი ათას კუბური სანტიმეტრია ან აჭარბებს მას.

2019 წლიდან კი ტექნიკურ შემოწმებას ყველა ავტომობილი დაექვემდებარება.

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარს შეადგენს, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების – 100 ლარია.

ამჟამად საქართველოს მასშტაბით 24 ტესტირების ცენტრი და 35 ხაზი მოქმედებს. დაგეგმილია მათი რაოდენობის 115 გაზრდა.