11 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები კლიმატის სასტიკ ცვლილებას გადაურჩნენ - ახალი კვლევა
11 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები კლიმატის სასტიკ ცვლილებას გადაურჩნენ - ახალი კვლევა

ბოლო გამყინვარების ხანის დასასრულს, ბრიტანეთში დაბრუნებული პირველი ადამიანები კლიმატის სასტიკი ცვლილების წინაშე აღმოჩნდნენ, მაგრამ უკიდურესი არასტაბილურობის პირობებშიც კი, მათ გასაოცარი მდგრადობა აჩვენეს. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

ინგლისის ჩრდილოეთში, სტარ-კარის სახელით ცნობილი მეზოლითის ხანის ძეგლის იდუმალებით მოცული პრეისტორიული ხალხის ნაშთების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ 11 000 წლის წინ ადამიანებს გარემოს დრამატული ცვლილების პირობებში უწევდათ ცხოვრება. მიუხედავად ამისა, ვერ მოიძებნა მტკიცებულება, რომ კლიმატის ცვლილებამ მათ რაიმე ზიანი მიაყენა.

„მიიჩნეოდა, რომ კლიმატის უხეშმა ცვლილებამ ძლიერ დააზარალა ჩრდილოეთ ინგლისის მეზოლითური მოსახლეობა, მაგრამ როგორც ჩვენი კვლევა აჩვენებს, პირველი მოსახლეები, სულ მცირე სტარ-კარის მოსახლეობა მაინც, უკიდურესად მდგრადი და გამძლე აღმოჩნდა გარემოს ცვლილებისადმი“, — ამბობს მეოთხეული ხანის მკვლევარი საიმონ ბლოკლი.

უძველეს არქეოლოგიურ წყაროთა მიხედვით, სტარ-კარი მეოთხეული ხანის ძეგლი არაა. 1940-იან წლებში აღმოჩენილი ძეგლი მოიცავს უძველეს ბრიტანელთა ნასახლარებს და ევროპაში აღმოჩენილ ერთ-ერთ უძველეს დურგალთა ნამუშევრებს.

ამ უძველეს მონადირე-შემგროვებელთა ნასახლარებისა და დურგლების ნამუშევრების გარდა, აღმოჩენილია სხვა უცნაური არტეფაქტებიც.

გარდა ხის სტრუქტურებისა, ცხოველთა ძვლებისა და კაჟის დანებისა, სტარ-კარის უძველესი ტალახის გათხრისას ბლოკლის ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა დამუშავებული წითელი ირმის რქები, რომლებსაც სავარაუდოდ, ექიმბაშები იმაგრებდნენ თავზე საიდუმლო რიტუალებისას, ანდაც მონადირეები.


„ირმის რქები ყველაზე დამაინტრიგებელია. დანამდვილებით არ ვიცით, რისთვის იყნებდნენ, მაგრამ აშკარაა, რომ გულმოდგინე დამუშავებაზე დახარჯული აქვთ ძალიან დიდი დრო. ეთნოგაფიული ანალოგებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მათ შამანები იყენებდნენ“, — უთხრა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა იან კენდიმ CNN-ს.

ჩრდილოეთ იორკშირში, ყოფილი ტბის აუზის გათხრისას სხვა რელიკვიებთან ერთად აღმოჩენილი ირმის რქები მიეკუთვნება პერიოდს, როდესაც მათი შემქმნელ უძველეს კოლონიზატორებს კლიმატის უკიდურესი ცვლილების პირობებში უწევდათ ცხოვრება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია დრამატული აცივების ორი ეპიზოდი 9300 და 11 000 წლის წინ, როდესაც სულ რაღაც ათწლეულის განმავლობაში, ტემპერატურა 10 გრადუსი ცელსიუსით დაეცა და ასეთმა გარემომ საუკუნეზე მეტხანს გასტანა.

კაჟის იარაღები

მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ კლიმატის ასეთ მკვეთრ ცვლილებას შესამჩნევი გავლენა უნდა მოეხდინა სტარ-კარის მოსახლეობაზე, იგულისხმება აქტივობის შემცირება. თუმცა, როგორც ჩანს, ორივე ეპიზოდს მათ წარმატებით გაართვეს თავი — მტკიცედ შეცვალეს თავიანთ ჩვევები.

„ისინი ძლიერ მდგრადნი უნდა ყოფილიყვნენ არასტაბილური კლიმატისადმი. მიუხედავად გარემოდან მომდინარი სტრესისა, აშკარაა, რომ მათ დაიცვეს და შეინარჩუნეს სტაბილური საზოგადოება“, — აღნიშნავს კენდი.

ეს ყველაფერი მათ შეძლეს ბუნებრივი რესურსებისა და ქვის იარაღების საუკეთესო გზებით გამოყენების ცოდნითა და უნარით, ირმებზე ნადირობითა და თევზაობით, მცენარეების შეგროვებით, თბილი ტანსაცმლის დამზადებითა თუ იმ პრიმიტიული სტრუქტურების აშენებით, რომლებმაც ისინი უკიდურესად შემცირებულ ტემპერატურას გადაარჩინა.

ეს გახლავთ ნამდვილად შთამაგონებელი ისტორია კაცობრიობის უნარისა, მოერგოს კლიმატის მომაკვდინებელ ცვლილებას. დაფიქრებად ნამდვილად ღირს. როგორ მოახერხა პრეისტორიულმა ხალხმა ასეთი უკიდურესი ცვლილებებისთვის თავის გართმევა და რას ვიზამთ ჩვენ?

სავარაუდოდ, ასე გამოიყურებოდა სტარ-კარი

მაგრამ ამავე დროს, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ასეთ შორეულ წარსულში მომხდარი ცვლილების შედარება გარემოს წინაშე ამჟამად მდგარ გამოწვევებთან, უბრალოდ უადგილოა.

მაშინ ხალხი გამყინვარების ხანიდან ჰოლოცენის ეპოქაში გადადიოდა, ეგუებოდა უხეშ გარემოში ცხოვრებას, ყინულში გაჩენილი გზების კვალდაკვალ ახდენდა ახალი მიწების კოლონიზაციას.

ჩვენ მათ საერთოდ არ ვგავართ. ჩვენი საზოგადოება მრავალი საუკუნისა და ათასწლეულების განმავლობაში ვითარდება სტაბილური კლიმატის პირობებში. მსხვილმასშტაბიანი გარემო ცვლილებების გამოცდილება უბრალოდ არ გაგვაჩნია.

კვლევა ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნა.

მომზადებულია CNN-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით