109-ე ბაგა-ბაღთან მშობლებისა და მასწავლებლების აქცია განახლდა
109-ე ბაგა-ბაღთან მშობლებისა და მასწავლებლების აქცია განახლდა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 109-ე ბაგა-ბაღთან მშობლებისა და მასწავლებლების საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა. ბაღში სასწავლო პროცესი დილიდან შეწყვეტილია.

აქციის მონაწილეები 109-ე ბაღის დახურვას აპროტესტებენ.

ბაღის აღსაზრდელების მშობლებს ბავშვები სხვა ბაღებში, სადაც ისინი გადაანაწილეს, არ მიჰყავთ. მშობლები და პედაგოგები აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

ოფიციალური ინფორმაციით, 18 აპრილიდან ბაღი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იკეტება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით, N109 ბაგა-ბაღის შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საექსპლუატაციო ვარგიასიანობის თვალსაზრისით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობას გამაგრება სჭირდება.

N109 ბაგა-ბაღში ამჟამად 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომლებიც კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ საბავშვო ბაღში გადანაწილდებიან. N128, N16, და N215 ბაღებში მოეწყობა სივრცეები, სადაც დახურული ბაღიდან გადაყვანილი ჯგუფები განთავსდება. გადანაწილებული ჯგუფები სააღმზრდელო პროცესს 23 აპრილიდან გააგრძელებენ.

როგორც ბაღების სააგენტოში პირველ არხს განუმარტეს, ბაღის უკანა კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები 2016 წელს ჩატარდა, წინა ფლიგელი კი არ გარემონტებულა, თუმცა, მათივე თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მთელი შენობის ავარიულობაზეა საუბარი.

საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერი. კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ 109-ე ბაგა-ბაღის შენობა უნდა გასხვისდეს.

მისი განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ბაღის შენობა ავარიული და საშიშია, ამიტომ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ბაღში სწავლა გაგრძელდეს.