109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები ბაღის დახურვას აპროტესტებენ [ვიდეო]

თბილისში, ისნის რაიონში 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები ბაღის დახურვას აპროტესტებენ.

ცოტა ხნის წინ, მათ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელმაც გზის სავალი ნაწილიდან მოქალაქეები ტროტუარზე გადაიყვანა. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რადგან აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალი შეუძლოდ გახდა.

მშობლების თქმით, ბაღის დახურვის მიზეზად დასახელებული მიზეზი არ არის რეალური და ადგილზე სასტუმროს აშენება იგეგმება.

ოფიციალური ინფორმაციით, 18 აპრილიდან ბაღი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იკეტება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით, N109 ბაგა-ბაღის შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საექსპლუატაციო ვარგიასიანობის თვალსაზრისით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობას გამაგრება სჭირდება.

N109 ბაგა-ბაღში ამჟამად 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომლებიც კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ საბავშვო ბაღში გადანაწილდებიან. N128, N16, და N215 ბაღებში მოეწყობა სივრცეები, სადაც დახურული ბაღიდან გადაყვანილი ჯგუფები განთავსდება. გადანაწილებული ჯგუფები სააღმზრდელო პროცესს 23 აპრილიდან გააგრძელებენ.

როგორც ბაღების სააგენტოში პირველ არხს განუმარტეს, ბაღის უკანა კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები 2016 წელს ჩატარდა, წინა ფლიგელი კი არ გარემონტებულა, თუმცა, მათივე თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მთელი შენობის ავარიულობაზეა საუბარი.