საქართველოს მასშტაბით, 108 სკოლა და 687 კლასი დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, თბილისის ბაღების ნახევარზე მეტი კი დახურულია
საქართველოს მასშტაბით, 108 სკოლა და 687 კლასი დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, თბილისის ბაღების ნახევარზე მეტი კი დახურულია

ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან მიაწოდეს.

რაც შეეხება დაინფიცირების მაჩვენებელს, უწყების ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%.

„სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა. კვლავ აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლის პერსონალს, მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით ინტენსიურად უტარდებათ.

Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე,“- აცხადებენ სამინისტროში.

უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

მათივე ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით, მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, ამ დროისთვის, პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის „კოვიდ-19“-ის შემთხვევების დადასტურების გამო, ბაღების ნახევარზე მეტი – 98 ბაღი დახურულია. ისინი მუშაობას დახურვიდან ორი კვირის შემდეგ განაახლებენ.

დატოვე კომენტარი