10 უკრაინელი ბავშვი ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში რჩება
10 უკრაინელი ბავშვი ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში რჩება

ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში „ლჯ და კომპანია“ ზუგდიდიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით გადმოყვანილი ათი უკრაინელი ბავშვი ამ დრომდე მკურნალობს.

ექიმის თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ვიდრე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დასტაბილურდება, საავადმყოფოდან მათი გაწერა არ იგეგმება.

კლინიკის ექიმის, ლელა ჭეიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე არ არის დაზუსტებული, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ბავშვების თანმხლები ქალი სოსისით მოწამვლას ასახელებს.

ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უცხოეთის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი გუშინ კვებითი ინტოქსიკაციით შეიყვანეს.

ამასთან, უკრაინელი ბავშვების საქმეზე შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

10 მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს.

გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, – აცხადებენ შსს-ში.