10 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 23 პროცენტით გაიზარდა
10 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 23 პროცენტით გაიზარდა

​საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 4,354,423 მგზავრს მოემსახურა, რაც 23 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2017 წელი – 3,550,711 მგზავრი).

მათივე ცნობით, ოქტომბრის თვეში მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 335,094 მგზავრს მოემსახურა, რაც 18 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი – 284,329 მგზავრი), ხოლო 10 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21 პროცენტი შეადგინა (2017 წელი – 2,724,740 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 2018 წლის ოქტომბერში 78 პროცენტით გაიზარდა და 62,000 მგზავრი შეადგინა (2017 წლის ოქტომბერი – 34,874 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 512,386 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39 პროცენტით მეტია (2017 წლის 10 თვე – 359,961).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ოქტომბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 41,980 მგზავრმა ისარგებლა, რაც 11 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ოქტომბერი – 37,660 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთა ნაკადი 19 პროცენტით გაიზარდა და 555,693 მგზავრი შეადგინა (2017 წელი – 466,010 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით 2018 წლის 10 თვეში 7601 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 362 რეისი შესრულდა.