აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა
აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა

აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა, – ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, რამაც მოგვიანებით, შეიძინა ძალადობრივი ხასიათი – აქციის მონაწილეები შეეცადნენ, პარლამენტის შენობის შტურმით აღებას, ჯგუფურად თავს დაესხნენ პოლიციელებს და სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით გაუწიეს მათ წინააღმდეგობა.

მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, აქციის დასაშლელად, პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა კანონით განსაზღვრული სპეციალური საშუალებები.

გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს აქციის დაშლის დროს ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების მოკვლევას.

შესწავლის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

ამ ეტაპზე, მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, აღნიშნული მასალები რეაგირების მიზნით გადაიგზავნება გენერალურ პროკურატურაში“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისი თქმით,  შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გენერალურ პროკურატურას მიაწოდოს მოკვლევის პროცესში მოპოვებული ყველა მასალა.