ათი კაცით დარჩენილმა „თელავმა“ „იბერიის“ 30-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა [ვიდეო] #1TVSPORT
„იბერიამ“ ეროვნულ ლიგაში საფეხბურთო სეზონი „თელავთან“ შეხვედრით განაახლა და 30-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა – 2:3.
ევროთასებიდან გამოვარდნის შემდეგ საქართველოს ჩემპიონმა ახალი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით კახელებთან მატჩი კარგად დაიწყო და მე-9 წუთზე დერეკ აგიაკვას გოლით დაწინაურდა. 32-ე წუთზე კი სტუმართა მოთამაშეს, ტატო ჟივიძეს არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.
10 მოთამაშით დარჩენილმა „თელავმა“ ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და 36-ე წუთზე ფირუზ გაბიტაშვილის გოლით წონასწორობა აღადგინა. მართალია, ნიკოლოზ დადიანმა (45) „იბერია“ ისევ დააწინაურა, მაგრამ „თელავმა“ ჯადული იობაშვილის გოლით (45+3) შესვენებამდე ანგარიში ისევ გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე მიხეილ ბაშალეიშვილმა „თელავს“ გამარჯვება მოუტანა.
„იბერიამ“ 30-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, თუმცა, 19 ტურის შემდეგ 44 ქულით ისევ ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო „თელავმა“ (15) ბოლო ადგილს დააღწია თავი და მე-9 პოზიციაზე დაწინაურდა.