10 იანვრიდან კვიპროსში კარანტინი დაწესდება
10 იანვრიდან კვიპროსში კარანტინი დაწესდება

10 იანვრიდან კვიპროსში კარანტინი დაწესდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ეს ქვეყნის მასშტაბით დაწესებული რიგით მეორე კარანტინი იქნება. ამის შესახებ განცხადება კვიპროსის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყანაში საცალო ბიზნესის დაწესებულებები 31 იანვრამდე დახურული იქნება. 10 იანვრიდან სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმს დაუბრუნდება. საბავშვო ბაღები კი, ღია დარჩება.

მოქალაქეებს სახლის დატოვების უფლება კონკრეტული მიზნით დღეში მხოლოდ ორჯერ შეეძლებათ, როგორიც არის სურსათის ან მედიკამენტების შეძენა და ვარჯიში. კვიპროსში ამ დროისთვის მოქმედი კომენდანტის საათი ძალაში დარჩება. შეზღუდვის ფარგლებში მოსახლეობას ადგილობრივი დროით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე სახლის დატოვების უფლება არ აქვს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კვიპროსში „კოვიდ-19“-ის 26 208 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 140 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 27 დეკემბრიდან დაიწყო. კვიპროსში კორონავირუსის ახალი შტამის რამდენიმე შემთხვევაც არის დაფიქსირებული.