10 ფილმი, რომელსაც თვითიზოლაციის დროს უნდა უყუროთ
10 ფილმი, რომელსაც თვითიზოლაციის დროს უნდა უყუროთ

კოვიდ19-ის სწრაფმა გავრცელებამ მსოფლიოს დღის წესრიგი მთლიანად შეცვალა. გაუქმდა სხვადასხვა ღონისძიება, კონცერტი, ფილმების პრემიერები და სპორტული შეჯიბრებები. ბევრი ჩვენგანი დისტანციურად მუშაობს, ზოგი თვითიზოლაციაშია, ხოლო ზოგი კარანტინში იმყოფება. ამიტომ ჟურნალი ტაიმსი გვირჩევს ფილმებს, რომლებსაც შეგვიძლია, სახლში ყოფნის დროს ვუყუროთ და ასე გავიყვანოთ დრო იქამდე, ვიდრე მსოფლიო ამ ვირუსს არ დაამარცხებს.

1. ველური (Wild)

ფილმის მთავარი პერსონაჟი რიზ უიზერსპუნი უარს ამბობს კომფორტზე და დროის დიდ ნაწილს ატარებს ველურ გარემოში სრულიად მარტო. ამ გზით მთავარი გმირი ცდილობს, იპოვოს საკუთარი თავი. ფილმი გადაღებულია შერილ სტრეიდის რომანის მიხედვით.

2. მარტო სახლში (Home Alone)

ყველასათვის საყვარელ ფილმს წარდგენა არ სჭირდება, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ „მარტო სახლში“ სასიამოვნოა როგორც ოჯახის წევრებთან ერთად საყურებლად, ასევე მაშინ, როდესაც მარტო, თვითიზოლაციასა ან კარანტინში იმყოფებით.

 

3. შვებულება (The Holiday)

ფილმის სიუჟეტი აგებულია ორ სასიყვარულო ისტორიაზე. ამანდა და ირისი შეყვარებულებთან მტკივნეული დაშორების შემდეგ, დროებით მარტო ცხოვრებას გადაწყვეტენ. ფილმის მთავარი პერსონაჟები სახლებს გაცვლიან და ახალ გარემოში ცდილობენ დაშორებით მიღებული ტრავმის დაძლევას. ახალი გარემო მათ ახალ თავგადასავლებს მოუტანს.

 

4. მისი (Her)

რომანტიკული დრამა ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით. მთავარ პერსონაჟს კომპიუტერის ოპერატიული სისტემა უყვარდება, რომლის არც დანახვა შეუძლია და არც შეხება, მხოლოდ ხმა ესმის. ოპერატიული სისტემის ხმა მსახიობ სკარლეტ იოჰანსონს ეკუთვნის. ხოაკინ ფენიქსის პერსონაჟი ხშირად ესაუბრება მას და განიცდის როგორც სიამოვნებას, ასევე ტანჯვას, რომელსაც განაპირობებს გიყვარდეს ის, ვინც ფიზიკურად არ არსებობს.

 

5. გარიყული (Cast Away)

თვითიზოლაციის დროს საყურებელ ფილმთა სიაში აუცილებლად ჩასვით შეუდარებელი ფილმი ტომ ჰენკსის მონაწილეობით. მისი პერსონაჟი ჩაკი ავიაკატასტროფის შედეგად აღმოჩნდება კუნძულზე, სადაც მწირი რესურსების პირობებში უწევს არამხოლოდ თავის გადარჩენა, არამედ ახალი რეალობის შექმნა, რომელშიც ცხოვრება მოუწევს. აქვე შეგახსენებთ, რომ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს რიტა უილსონს COVID19 დაუდგინდათ.

 

6. გრავიტაცია (Gravity)

ალფონსო კუარონის ფილმში მთავარ როლს სანდრა ბულოკი ასრულებს. მისი პერსონაჟი დოქტორი რაიან სტოუნი პირველად გაფრინდება კოსმოსში. მასთან ერთად, ხომალდზე იმყოფება ვეტერანი ასტრონავტი მეტ კოვალსკი, რომლისთვისაც ეს უკანასკნელი ფრენა იქნება პენსიაზე გასვლის წინ. დოქტორი რაიანი კოსმოსურ სივრცეში დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.

 

7. 127 საათი (127 Hours)

მთამსვლელი არონ როლსტონის ნამდვილი ისტორიის საფუძველზე გადაღებული ფილმი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ჟანრში. მთავარ როლს ყველასათვის საყვარელი ჯეიმს ფრანკო ასრულებს. მისი პერსონაჟი იუტაში უკაცრიელ კანიონში მარტო გადაადგილების დროს ტრავმას მიიღებს და ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ის ხუთი დღის განმავლობაში იბრძვის გადარჩენისთვის. თუ ფილმი არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ, რადგან ამაზე საინტერესო სათავგადასავლო ფილმის თვითიზოლაციის დროს მართლა ვერ ნახავთ.

 

8. ლარსი და ნამდვილი გოგონა (Lars and Real Girl)

ლარს ლინდსტრომი, რომლის როლსაც რაიან გოსლინგი ასრულებს, მაქსიმალურად ცდილობს, ადამიანებთან კონტაქტს თავი აარიდოს. ერთ დღესაც ის ოჯახის წევრებს თოჯინა ბიანკას გააცნობს, როგორც თავის შეყვარებულს. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ლარსი ჭკუიდან შეიშალა. სცენარი ფილმში ძალიან საინტერესოდ ვითარდება, ამიტომ გირჩევთ, კომფორტულად მოეწყოთ და ამ სახალისო ფილმს ჩაუჯდეთ.

 

9. სხვა პლანეტა (Another Earth)

სამეცნიერო-ფანტასტიკური დრამა სტუდენტ გოგონაზე, რომელიც წარსული შეცდომების გამოსყიდვას ძველი ცხოვრებისგან დისტანცირებით ცდილობს. მისი და კომპოზიტორი მამაკაცის ბედი ტრაგიკულად იკვეთება იმ ღამეს, როცა მზის სისტემაში დედამიწის იდენტური პლანეტა აღმოაჩინეს.

 

10. ველურ გარემოში (Into The Wild)

ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ისტორიაზე. 1992 წელს ემორის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი კრისტოფერ მაკქენდლესი უარს ამბობს ძველ ცხოვრებაზე, ანადგურებს სახელფასო ბარათებს, დანაზოგს ხარჯავს ქველმოქმედებაში და საცხოვრებლად მიდის უკაცრიელ ადგილას მარტო. გზად ის ხვდება ბევრ საინტერესო ადამიანს, რომლებიც ცხოვრებაზე მის შეხედულებებს ცვლიან. კრისტოფერი აცნობიერებს დამოუკიდებლობით მოგვრილ თავისუფლების განცდას, მაგრამ ის ასევე ხვდება, რომ ბედნიერება მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი, როდესაც სხვებსაც უზიარებ.

იმედია, კორონავირუსს მალე დაამარცხებს მეცნიერება და ეს 10 ფილმი სრულიად საკმარისი იქნება თვითიზოლაციის პერიოდში სანახავად. თუმცა საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად თუ სახლში დარჩენა უფრო დიდხანს მოგვიწევს, გპირდებით, ბევრ საინტერესო ფილმსა და წიგნს შემოგაშველებთ, რომ ეს პერიოდი თქვენთვის მაქსიმალურად საინტერესო და პროდუქტიული გახდე.

დატოვე კომენტარი