10 აპრილს ასტრონომები შავი ხვრელის შესახებ სენსაციურ განცხადებას აანონსებენ
10 აპრილს ასტრონომები შავი ხვრელის შესახებ სენსაციურ განცხადებას აანონსებენ

ევროპის სამხრეთული ობსერვატორია მომავალ კვირაში სენსაციური განცხადებას აანონსებს. რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, როგორც ჩანს, საქმე შავ ხვრელს ეხება. სავარაუდოდ, ისტორიაში პირველად, კაცობრიობა ბოლოსდაბოლოს იხილავს შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტის პირველ ფოტოს.

რა თქმა უნდა, პრესკონფერენციამდე დაზუსტებით რამის თქმა წინასწარ შეუძლებელია, თუმცა, ორგანიზაცია მინიშნებას იძლევა. პრეს-რელიზის მიხედვით, მკვლევრები წარმოადგენენ მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპიდან მიღებულ პირველად შედეგებს.

უკვე წლებია, მოვლენათა ჰორიზონტი, ანუ ერთიან ქსელში ჩართული მსოფლიოს ყველა უმძლავრესი ტელესკოპი აქტიურად აკვირდება ირმის ნახტომის შუაგულს, რათა ფოტო გადაუღონ მშვილდოსანი A*-ს, ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ სუპერმასიურ შავ ხვრელს.

თავად შავი ხვრელები უხილავია. ისინი შთანთქავენ ყოველგვარ ელექტრომაგნიტურ რადიაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი დაფიქსირება არ შეუძლია არც ერთი სახის ტელესკოპს — არც რადიოს, არც რენტგენულს, ოპტიკურს თუ გამა-გამოსხივების. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც, შავი ხვრელის ნამდვილი გამოსახულება ამ დრომდე არ გაგვაჩნია.

თუმცა, თეორიულად შესაძლებელია მოვლენათა ჰორიზონტის დანახვა. ეს გახლავთ წერტილი შავი ხვრელის სიახლოვეს, რომლის გადაკვეთის შემდეგ, მისგან გაქცევა სინათლესაც კი აღარ შეუძლია. მიუხედავად ამისა, შავი ხვრელის ამ ნაწილის გადაღება მაინც უკიდურესად რთულია; ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელი, მშვილდოსანი A* გახვეულია გაზისა და მტვრის სქელი ღრუბლების საბურველში.

მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის პროექტის ფარგლებში, ამ მიზნის მისაღწევად გააერთიანეს მსოფლიოს ყველა უმძლავრესი ტელესკოპი. ერთობლივი ძალისხმევით მათ წარმოუდგენლად დიდი ოდენობით მონაცემები შეაგროვეს. მონაცემები იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ მყარი დისკების ტრანსპორტირებას თვითმფრინავები დასჭირდა. ამის შემდეგ, მკვლევრებმა ამ მონაცემების ანალიზი დაიწყეს.

როგორც ჩანს, შედეგები ბოლოსდაბოლოს მზადაა. 10 აპრილს, ევროკომისია, ევროპის კვლევითი საბჭო და მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის პროექტი (EHT), მიღებულ შედეგებს ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარმოდგენენ. პრეს-რელიზის მიხედვით, შედეგები სენსაციურია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შედეგები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიების ტრანსლაცია მრავალ ქვეყანაში გადაიცემა.

ღონისძიების ტრანსლირება მოხდება „იუთუბზეც“, აღნიშნულ ბმულზე. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მართლაც ვიხილეთ შავი ხვრელის ფოტო, ასტრონომიაში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება.

პრესკონფერენციის დეტალებს 1tv.ge ღონისძიების მსვლელობისას, ოპერატიულად შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი