1-ლი იანვრიდან საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტებიდან მილიარდ 500 მილიონი ლარი ავტომატურად დაეზღვია
1-ლი იანვრიდან საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტებიდან მილიარდ 500 მილიონი ლარი ავტომატურად დაეზღვია

დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა 2017 წლის გაზაფხულზე დაამტკიცა, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული დეპოზიტები 5000 ლარის ფარგლებში ავტომატურად დაეზღვია.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში ოთხ მილიონზე მეტი დეპოზიტია გახსნილი, საიდანაც მილიარდ 500 მილიონი ლარის დაზღვევა მოხდა.

„მოქალაქეებს ამისთვის არ მოუწევთ დამატებითი ხარჯის გაწევა, ან დამატებითი პროცედურების გავლა. ყველა დეპოზიტი 5000 ლარის ფარგლებში ავტომატურად არის დაზღვეული. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ბანკს გადახდისუნარიანობის პრობლემა დაუდგება, 20 დღის განმავლობაში დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 5000 ლარამდე რიცხულ თანხას მოქალაქეებს აუნაზღაურებს. საერთო ჯამში, ბანკებში არის დაახლოებით 4,2 მილიონი ანგარიში გახსნილი, აქედან 4,1 მილიონი ანგარიში სრულად იქნება ანაზღაურებული სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას. თანხობრივად კი ეს მილიარდ 500 მილიონი ლარია, რისი დაზღვევაც 1-ლი იანვრიდან ავტომატურად მოხდა“, – განაცხადა „მოამბესთან“ საუბარში დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსმა, ოთარ ძიძიკაშვილმა.

დეპოზიტების დაზღვევის თანხას კომერციული ბანკები იხდიან. კანონმდებლობის მიხედვით, საფინანსო სექტორი ვალდებულია, სააგენტოს ერთჯერადად 100 000 ლარი გადაურიცხოს.

ოთარ ძიძიკაშვილის განმარტებით, პირველადი შენატანი, რაც მილიონ 600 000 ლარია, საქართველოში მოქმედმა ყველა ბანკმა უკვე განახორციელა და დეკემბრის ბოლოს სააგენტომ პირველი ინვესტირებაც მოახდინა – უწყებამ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდები, კერძოდ კი სახაზინო ობლიგაციები, მილიონ 507 000 ლარად შეიძინა.

რაც შეეხება სადაზღვევო ოდენობის ლიმიტის გაზრდას, რომელიც 5000 ლარია, სააგენტოში ამბობენ, რომ ისინი წლის პირველ ნახევარში შეიმუშავებენ დეპოზიტების დაზღვევის განვითარების გეგმას. როდის და რა ოდენობით გაიზრდება ლიმიტი, სავარაუდოდ წლის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

„სადაზღვეო ოდენობის ლიმიტი, როგორც იცით, 5000 ლარია. ეს არ არის საკმარისი თანხა, რისი დაზღვევაც უნდა მოხდეს. სასურველია, უფრო მეტი იყოს დაზღვეული. შესაბამისად, სააგენტო შეიმუშავებს დეპოზიტების დაზღვევის განვითარების გეგმას წლის პირველ ნახევარში, სადაც იქნება გაწერილი, თუ როგორ მოიმატებს ლიმიტი. ის, რომ სადაზღვევო ლიმიტმა უნდა მოიმატოს, ფაქტია. ჩვენ ეს ვალდებულება აღებული გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. დაზღვეული დეპოზიტების ოდენობა აუცილებლად გაიზრდება, თუმცა როდის და რა ოდენობით, ალბათ წლის შუა პერიოდში გვეცოდინება“, – განაცხადა „მოამბესთან“ საუბარში დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა.