სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის  ტექდათვალიერების პირობები მკაცრდება
სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის  ტექდათვალიერების პირობები მკაცრდება

2018 წლის 1-ელი იანვრიდან სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის  ტექდათვალიერების პირობები მკაცრდება, ეტაპობრივად კი ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებზეც გავრცელდება.

2018 წლის 1-ელი ივლისიდან ტექინსპექტირებას ის ავტომობილები გაივლიან, რომლებიც კომპანიების ან სახელმწიფო სტრუქტურების საკუთრებაში იმყოფება, 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი ტექდათვალიერება იმ მსუბუქ ავტომობილებზე ამოქმედდება, რომლის ძრავის მოცულობა 3,0 ტონა ან მეტია.

მომდევნო ეტაპი, რომელიც 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება, იმ ავტომობილებს შეეხება, რომელთა ძრავის მოცულობა 3 ათას სანტიმეტრზე ნაკლებია.

ტექინსპექტირების ფასი მსუბუქი და მისაბმელიანი ავტომობილებისთვის 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის 100 ლარი იქნება. თუ მძღოლი ერთთვიან ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირისთვის კი ჯარიმა 200 ლარით განისაზღვრება.

ჯარიმები მოქმედებს ვადების დარღვევისთვის. თუმცა, ამ შემთხვევაში კომპანიასთან ერთად, 50 ლარით მძღოლიც დაჯარიმდება. თუ მძღოლი დაბრუნდება იმავე ცენტრში, სადაც ავტომობილი შეამოწმა, თანხა გადასახდელი აღარ ექნება, სხვა ცენტრში მისვლის შემთხვევაში თანხა ხელმეორედ სრულად გადასახდელი გახდება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას შემოწმდება: გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, ანუ გამონაბოლქვი, სამუხრუჭე აღჭურვილობა, საჭით მართვის სისტემა, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლი, ელექტრომოწყობილობა, ღერძები, თვლები, საბურავები და საკიდება, შასი და მისი შემდაგენლები.

„ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც პირველ ჯერზე ვერ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, ვალდებული არიან 30 დღის განმავლობაში  გაიარონ. იზრდება ჯარიმების ოდენობაც იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება და განისაზღვრება 50 ლარით (ნაცვლად, არსებული 10 ლარისა), ხოლო ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად/საექსპლუატაციო გადაცემისთვის ფიზიკური პირისთვის განისაზღვრება 50 ლარით (ნაცვლად, არსებული 10 ლარისა) და იურიდიული პირისათვის/ინდ. მეწარმესთვის – 200 ლარით (ნაცვლად, არსებული 100 ლარისა)“,- განუცხადა „პირველ არხს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ.

რაც შეეხება აღსრულების მექანიზმს, საპატრულო ეკიპაჟს მიეცემა წვდომა ელექტრონულ პროგრამაზე, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის
ნომრის შეყვანის საშუალებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სტატუსის შესახებ ინფორმაციას მიიღებს.