​ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომლები გამოკითხეს
​ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომლები გამოკითხეს

ყაზბეგში ​ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე, მცხეთის პოლიციის სამმართველოში „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომლები გამოკითხეს.

როგორც კომპანიის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განაცხადა, კითხვები 6 ივნისს მომხდარ ფაქტს შეეხებოდა.

„დღეს დაიკითხა „რუმს ყაზბეგის“ ხუთი თანამშრომელი. კითხვები ეხებოდა უშუალოდ 6 ივნისს და წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებს, ფრენებთან დაკავშირებით არის კითხვები, თუ რა მიზნით ხორციელდებოდა ფრენა, ბორტზე მყოფი პირები, რა მიზნით და ვისთან შეთანხმებით იმყოფებოდნენ. ლოგიკურია, დაკითხვები გაგრძელდება და გამოიკითხება ყველა, ვისაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ ავიაკომპანიასთან თუ სასტუმროსთან. ვერტმფრენი ემსახურებოდა სასტუმროს მგზავრებს და ახორციელებდა კომერციულ ფრენებს. სანამ ფრენებს შეასრულებდა, უნდა მოსულიყო ანგარიდან სასტუმრომდე, რა დროსაც მოხდა ეს უბედური შემთხვევა“, – განაცხადა კახა წერეთელმა.

კომპანია „ავიატორი +“-ს („აჭარა ჯგუფი“) ეკუთვნის ვერტმფრენი, რომელიც, 6 ივნისს ყაზბეგში, ე.წ. ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა, დაიღუპა სამი ადამიანი.

ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი BELL-505 ტიპის, ამერიკულ-კანადური წარმოების იყო, რომელიც გამოშვებულია 2018 წელს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.