​ვასილ მაღლაფერიძე - 50 მილიონი ლარი მითიური ციფრია, სინამდვილეში 2017 წელს მაუწყებელი 39 მილიონს ხარჯავდა
​ვასილ მაღლაფერიძე - 50 მილიონი ლარი მითიური ციფრია, სინამდვილეში 2017 წელს მაუწყებელი 39 მილიონს ხარჯავდა

საუბრობენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი აქვს, ეს მითიური ციფრია.  სინამდვილეში 2017 წელს მაუწყებელი 39 მილიონს ხარჯავდა, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

„თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ 50 მილიონი. იცით, რომ ეს 50 მილიონი სინამდვილეში 39 მილიონია? ეს მნიშვნელოვანი საკითხია. 10-11 მილიონიან სხვაობაზეა საუბარი. რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ მაუწყებელი ხარჯავს 50 მილიონსო, სინამდვილეში მაუწყებელი 2017 წელს ხარჯავდა 39 მილიონს. ეს 50 მილიონი არის მითიური ციფრი”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, მედიასაშუალებებიდან ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია არის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

„კანონმდებლობით არის დადგენილი, რომ მედიასაშუალებებიდან ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. იმიტომ კი არა, რომ ვინმე კარგია, არამედ იმიტომ, რომ კანონით ასეა დადგენილი. თითოეული ლარი და თეთრი არის არა მარტო გაკონტროლებული, არამედ ღიად არის სამსჯავროზე გამოტანილი და ვერავინ დაასახელებს ვერც ერთ შემთხვევას, რომ რაიმე დაიმალა. აქ წამოსვლამდეც კი, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაც არის, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მივაწოდე ინფორმაცია, მათ შორის ჩემი ანაზღაურების შესახებ”, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.