​თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, 27-28 მაისს თბილისში ქართული დიასპორის ფორუმი გაიმართება, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას.

27 მაისს ღონისძიებას ოფიციალურად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გახსნის . ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია II-სთან.

ოფიციალური გახსნის ნაწილის შემდეგ მონაწილეები მუშაობას განაგრძობენ ოთხ თემატურ ჯგუფში: განათლება, კულტურა, მედია და სახალხო დიპლომატია, ბიზნესი და ეკონომიკა. თითოეულ თემატურ ჯგუფში იმსჯელებენ კონკრეტულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე და ეფექტური თანამშრომლობის გზებზე. მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსიები, ხოლო მუშაობის პროცესში გამოკვეთილი მოსაზრებები შემდგომში აისახება იმ ცალკეული ღონისძიებების, პროგრამებსა თუ პროექტების დაგეგმვაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება დიასპორის კუთხით.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ფორუმის მონაწილენი კოჯორში გვირგვინით შეამკობენ იუნკერთა მემორიალს და მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს.

ფორუმზე მიწვეულ მონაწილეებს შორის არიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლის ხელმძღვანელები და უცხოეთში სხვადასხვა პროფესიულ სფეროში მომუშავე თანამემამულეები, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობას ჯამში 22 სხვადასხვა ქვეყნიდან 400 მდე სტუმარი მიიღებს.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 28 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები თბილისსა და მცხეთაში.