​სერენა უილიამსმა დოპინგ-ტესტი არ გაიარა და WTA-ში იჩივლა
​სერენა უილიამსმა დოპინგ-ტესტი არ გაიარა და WTA-ში იჩივლა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა დოპინგ-ტესტის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

ჩოგბურთელთან შემოწმებაზე 14 ივნისს, 08:30 საათზე გამოცხადდნენ. დოპინგ-ოფიცერს უილიამსი შინ არ დახვდა და სახლში სერენას ასისტენტმა შეუშვა. ამის შემდეგ, ოფიცერმა გამოაცხადა, რომ იქამდე არ დატოვებს შენობას, სანამ დოპინგ-სინჯს არ აიღებს.

შინ დაბრუნებულმა უილიამსმა უარი თქვა ტესტის გავლაზე, ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) პრეზიდენტს, სტივ საიმონს დაურეკა და რეგლამენტის დარღვევაზე აგრეთვე, აგრესიულ და არაობიექტურ დამოკიდებულებაზე შესჩივლა.

თავის მხრივ, საიმონმა უილიამსს ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს (USADA) პრეზიდენტის, ტრევის ტაიგარტის ტელეფონის ნომერი მისცა, რადგან ეს ორგანიზაციაა დაკავებული ანტისადოპინგო პროგრამით.

USADA სერენა უილიამსთან თავის მუშაობას აგრესიულად არ აფასებს და აცხადებს, რომ ნებისმიერი მოთამაშის შემოწმების უფლება აქვს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, – იტყობინება Deadspin.

სერენა უილიამსის უარი დოპინგ-ტესტის გავლაზე არ ჩაითვლება დანაშაულად, რადგან შემოწმება წინასწარი სატელეფონო ზარის გარეშე ხორციელდებოდა.