​სავალუტო ფონდმა საქართველოს 41.6 მილიონი დოლარის რესურსი გაუხსნა
​სავალუტო ფონდმა საქართველოს 41.6 მილიონი დოლარის რესურსი გაუხსნა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მიმდინარე სამწლიანი პროგრამის მესამე მიმოხილვა დაამტკიცა. შედეგად, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება დაახლოებით 41.6 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება. ფონდის ცნობით, 2017 წელს დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში ჩამორიცხვები 166.3 მილიონ დოლარს გაუტოლდება.

„2018 წლის ბოლოსთვის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, ზოგი კრიტერიუმი შესრულებულია მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. პროგრამის მხოლოდ ერთი კრიტერიუმი შესრულდა ორი კვირის დაგვიანებით”, – აღნიშნავენ სავალუტო ფონდში.

ორგანიზაციის დასკვნით, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია, თუმცა ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია.

„ინფლაცია სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ ნარჩუნდება და ქვეყნის საგარეო პოზიცია ძლიერდება. მაღალი შემოსავლებისა და კაპიტალური ხარჯების გეგმიდან ჩამორჩენის შედეგად 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით ბიუჯეტის სალდო დადებითია. კრედიტის მაღალი ზრდის ფონზე, ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალიანობის შეზღუდვის მიზნით. საბანკო სექტორის კაპიტალიზაცია მაღალია, სექტორი ლიკვიდური და მომგებიანია, თუმცა დოლარიცაზია კვლავ მაღალია. პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ხელისუფლება ყურადღებით უნდა იყოს საგარეო ვითარების მიმართ და განაგრძოს რეფორმების განხორციელება ინკლუზიური ზრდის წასახალისებლად”, – აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

დოკუმენტში შეფასებულია 2019 წლის ბიუჯეტის პარამეტრებიც.

„2019 წლისთვის შეთანხმებული ბიუჯეტის დეფიციტი მართებულად უზრუნველყოფს ნეიტრალურ ფისკალურ პოზიციას კაპიტალური და სოციალური ხარჯების მატების ფონზე.

საშუალოვადიანი ფისკალური გეგმები, მათ შორის დაგეგმილი განათლების რეფორმა, უნდა შეესაბამებოდეს ფისკალური მდგრადობის მიზანს და ახლდეს ინსტიტუციონალური ფისკალური რეფორმები.

ინფლაციის თარგეგირების რეჟიმი, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად კვლავ კარგ სამსახურს უწევს საქართველოს. მონეტარული პოლიტიკა კვლავაც ვითარების შესაბამისია. საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს საგარეო გაურკვევლობის ზრდის ფონზე, საქართველოს საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადობის გათვალისწინებით.

ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებაზე მიმართული რეგულაციები მოსაწონია, თუმცა მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მათი გავლენა კრედიტის ზრდაზე.

სტრუქტურული რეფორმების განხორციელება მაღალი, მეტად ინკლუზიური ზრდის მიღწევის გზაა.

პრიორიტეტებს შორის არის: ახალი კანონის მიღება კორპორაციათა გაკოტრების შესახებ და კარგად შედგენილი, ყოვლისმომცველი რეფორმა საგანმანათლებლო სფეროში”, – აღნიშნავენ სსფ-ში.