​სალომე ზურაბიშვილი - ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ურყევ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ გააჩნია
​სალომე ზურაბიშვილი - ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ურყევ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ გააჩნია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სამდღიანი ვიზიტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის მიმართ უზარმაზარი მხარდაჭერის აღიარებაა.

საქართველოს პრეზიდენტმა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ბათუმში ვიზიტის დასრულებისას მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხები.

„საჭიროა, ყველა საშუალებებით დავძლიოთ ოკუპაცია, რაშიც კიდევ უფრო მეტად გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველო – ნატო-ს თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს პერსპექტივები. მომავალი წლის გეგმები არსებითი პაკეტის არა მხოლოდ განახლება, არამედ საქართველო – ნატო-ს თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობების გაძლიერება და გაღრმავებაა.
განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი არა მხოლოდ ნატო-სთან, არამედ ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებითაც. ეს არის ის სამკუთხედი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობისთვის ნამდვილად არსებითია. გვაქვს გეგმები, იმისთვის, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა გაძლიერდეს არა მხოლოდ ნატო-სთან, არამედ შავი ზღვის ქვეყნებთან, რომლებმაც დღესაც გამოხატეს ამ თანამშრომლობისათვის მზადყოფნა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს კიბერუსაფრთხოების საკითხებში დახმარება სთხოვა. მისი განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში არანაკლებად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება.

„ამ კუთხით თანამშრომლობა უკვე დაწყებულია რამდენიმე ქვეყანასთან, მაგრამ ნატო-ს დახმარებაც გვჭირდება, იმისათვის, რომ საქართველო გაუმკლავდეს კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევას, რომელიც ყველა ჩვენი პარტნიორისთვისაც უდიდესი გამოწვევას წარმოადგენს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველო, რომელმაც მეორე კომპაქტი დაასრულა, დღეს ,,მილენიუმ ჩელენჯის“ კორპორაციამ ერთ-ერთ საუკეთესო პარტნიორად აღიარა.

„აუცილებელია, რომ დავძლიოთ პოლარიზაცია ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალთა შორის.

ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია და დეოკუპაცია – თუ არ ვიქნებით ერთიანი ამ სამ საკითხთან მიმართებაში, ვერ გავიმარჯვებთ! დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ გაერთიანებას და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ!

ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანი ურყევია, რომელიც ვერავინ შეგვაცვლევინა და ვერავინ შეგვაცვლევინებს. ეს ჩვენი ხალხის ურყევი გადაწყვეტილება და ჩვენი არჩეული გზაა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია და ალბათ, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ ამ გზაზე საქართველო ძალიან ეფექტურად ივლის წინ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.