​სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი პარტნიორებისგან გვჭირდება მხარდაჭერა, რათა დავარწმუნოთ რუსეთი და შევახსენოთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი შეუქცევადია
​სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი პარტნიორებისგან გვჭირდება მხარდაჭერა, რათა დავარწმუნოთ რუსეთი და შევახსენოთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი შეუქცევადია

​საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა და  რაიმონდს ვეიონისმა დღეს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, ქართველი და უხცოელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ლატვიის პრეზიდენტს საქართველოს ურყევი მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ორქ ვეყენას ძველი მეგობრობა აკავშირებთ.

„მადლობას გიხდით, ბატონო პრეზიდენტო იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ასევე, თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. 30 წლის წინ, საქართველოში 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, რამაც განსაზღვრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და თავისუფლების დაბრუნება. ასე დაიწყო, ჩვენი ბრძოლა, რამაც დღეს აქამდე მოგვიყვანა. სავარაუდოდ, 30 წლის წინ რთული იქნებოდა იმის პროგნოზირება, რომ ლატვია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გახდებოდა და საქართველო ასე ახლოს იქნებოდა ევროკავშირისა და ნატო-ს ღია კართან. საქართველოს ეს ტრაექტორია განისაზღვრა ერთგული მეგობრებისა და საიმედო პარტნიორების თანადგომით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წელს საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს, გამოხატავს არა მხოლოდ იმ პროგრესს, რომელიც თან სდევს ასოცირების ხელშეკრულებას, ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალ ვაჭრობას, ვიზალიბერალიზაციას, არამედ საუბრობს იმაზე, რაც გასაკეთებელია ევროპაში დაბრუნებისა და ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით.

„ბათუმის კონფერენციაზე, რომელიც ივლისში გაიმართება სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება, საქართველო იქნება მზად,  გამოხატოს საკუთარი ამბიცია, გეგმა და საკუთარი ხედვა, თუ როგორ მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში, მიუხედავად ორგანიზაციის გარდამავალი პერიოდისა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებას, სალომე ზურაბიშვილის  განცხადებით, საქართველომ იცის, როგორ გააძლიეროს კავშირები ნატო-სთან, რომ ბიძგი მისცეს ღია კარის პოლიტიკას.

„ეს გულისხმობს ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ასევე გულისხმობს მეტ სამხედრო წვრთნებს, შესაძლებლობის ფარგლებში მეტი უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელებას”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული პოლიტიკისა და საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო არ შეცვლის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს.

,,ჩვენი პარტნიორებისგან გვჭირდება მხარდაჭერა, რათა დავარწმუნოთ რუსეთი და შევახსენოთ მას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი შეუქცევადია”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.