​პარლამენტის რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა
​პარლამენტის რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის 2018 წლის 4 ივლისადან მოწვეულმა რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და კენჭი უყარეს.

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო კანონპროექტი „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი პროექტები. პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ასევე, მესამე მოსმენით იქნა განხილული და 77 ხმით მიღებული ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.

საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შინაარსობრივი და ტექნიკური გადასინჯვის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ოქტომბერში მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“. კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, კანონით უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აღარ განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ავტომატურ საფუძვლად. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით მკვეთრად იზრდება სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის ფლობის შესაძლებლობები. დგინდება პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისას მხედველობაში მისაღები პირობების ჩამონათვალი, რაც მეტ ადამიანს მისცემს ასეთის მოპოვების შესაძლებლობას. კანონპროექტით დგინდება, რომ მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობას. კანონპროექტით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგენს, ასევე, აღდგენის დროებითი უფლება. კანონპროექტით, იცვლება მოქალაქეობის მინიჭებისათვის საქართველოში ცხოვრების ცენზებიც. კანონპროექტი ითვალისწინებს მოქალაქეობის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების განსხვავებულ მექანიზმს. განსხვავებით, მოქმედი კანონმდებლობისაგან, როდესაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება მხოლოდ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი, წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს მოქალაქეობის საკითხზეპრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ დაექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას.

დღესვე, პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მიიღო კანონპროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ასევე, საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე კანონპროექტი იქნა განხილული. ამასთან, სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ოცდაცხრა თანმდევ კანონპროექტთან ერთად. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, განხილული და მიღებულ იქნა სხვა კანონპროექტებიც.

რიგგარეშე სესიის დახურვამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრს, გიორგი წერეთელს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

რიგგარეშე სესიის დახურვისას, პლენარულ სხდომათა დარბაზში, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.