ლევან ხაბეიშვილი – ციხეში ჩემი ყოფნა, საბოლოო ჯამში, ავნებს ქვეყანას, ერთმანეთს გაუფრთხილდით, ნუ გაქვთ ხოლმე სასაცილო განცხადებები
მე ვერ მავნებს ციხეში ყოფნა, მე შეიძლება, მავნოს ნერვებით, ჯანმრთელობით. საბოლოო ჯამში, არ მავნებს ეს ყველაფერი, ჩემდა სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ვნებს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ყველაფერი ძალიან მალე შეიცვლება, ოღონდ ამისთვის საჭიროა მონდომება.
„ვიღაც ამბობს, ოპოზიცია გააკრიტიკაო. არ ვაკრიტიკებ, პირდაპირ მოვუწოდებ ყველას, ვინც თავს ოპოზიციონერად თვლის და გარეთ ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, ერთმანეთს მაქსიმალურად გაუფრთხილდით, ნუ გაქვთ ხოლმე სასაცილო განცხადებები, კარგით, რა. დამთავრდა ის, რომ მე იმას ვამბობდი, ამას ვამბობდი. ქვეყანა ყოველდღიურად მიდის უკან და უკან, იმატებს ბენზინის ფასი. ეს ქვეყანა არის ყველასი, ჩემი, თქვენი, მოსამართლის, აქ მსხდომი ადამიანების. ყველას გვინდა ნორმალური ქვეყანა, ნორმალური მართლმსაჯულება და ნორმალური ცხოვრება. ხაბეიშვილი არ არის კრიმინალი და საზოგადოებისთვის საშიში. ეს იცის პატარა ბავშვმაც. ისეთი რამეც კი ვერ დამაბრალეს, რომელიც შეიძლება, რომ „ქოცის“ ყურებამდეც მივიდეს. ამაში მადლიერი ვარ, რომ ისეთიც ვერ მოიფიქრეთ, რაც მავნებდა. მე ვერ მავნებს ციხეში ყოფნა, მე შეიძლება, მავნოს ნერვებით, ჯანმრთელობით. საბოლოო ჯამში, არ მავნებს ეს ყველაფერი, ჩემდა სამწუხაროდ, ვნებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.