​კახეთის საკარანტინო სივრცე 51-მა ადამიანმა დატოვა
​კახეთის საკარანტინო სივრცე 51-მა ადამიანმა დატოვა

​კახეთში, სასტუმრო „ლოპოტაში“ მოწყობილი საკარანტინო სივრცე დღეს 51-მა ადამიანმა დატოვა. მათ 14-დღიანი საკარანტინო პერიოდი დაუსრულდათ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თითოეულმა მოქალაქემ საკარანტინო სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

კარანტინში მყოფების ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. კარანტინში მყოფთა გამგზავრებას კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორგანიზებას უწევს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში საკარანტინო სივრცეების ორგანიზებას. დღეის მდგომარეობით, კახეთის სხვადასხვა სასტუმროებში განთავსებული საკარანტინო სივრცეები 1100-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ცნობით, ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 5153-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, რომლებიც 83 სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეებში არიან განთავსებულნი. ამ დროისთვის 14-დღიანი საკარანტინო პერიოდი 10755 ადამიანს დაუსრულდა.