​კახა კალაძემ მერიისა და გამგეობების წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზე ყურადღების გამახვილება სთხოვა 
​კახა კალაძემ მერიისა და გამგეობების წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზე ყურადღების გამახვილება სთხოვა 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებსა და გამგეობების წარმომადგენლებს სთხოვა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლზე მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შესწავლამ და ბოლო დროს განხორციელებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ არსებული სისტემა და მექანიზმი შესრულებული სამუშაოების ხარისხს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.

„ორი კვირის წინ დავავალე ჩემს მოადგილეებს, რომ წარმოადგინონ გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა ხარისხი გაუმჯობესდეს. სატენდერო დოკუმენტაციაში იქნება იმის აუცილებლობა, რომ როდესაც ხელშეკრულება გაფორმდება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი განხორციელდეს. არც ერთ საპროექტო დოკუმენტაციას არ მიეცემა მსვლელობა იქამდე, ვიდრე ამ დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზა არ განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, როდესაც სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების წარმოების პროცესი დაიწყება და შესრულების ეტაპზე იქნება, საპროექტო დავალებების შესრულებაზე მუდმივი ზედამხედველობა განხორციელდება. მათ შორის, ფარულ სამუშაოებზე, რათა საპროექტო გადაწყვეტილებების მაღალ დონეზე შესრულება მოხდეს.

„ინფრასტრუქტურული პროექტებით ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ თითოეული პროექტის ხარისხი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა. მგონია, რომ ეს მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია და გამგეობებსაც მინდა ვთხოვო, რომ ხარისხზე და ზედამხედველობაზე მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.