​დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება საზოგადოების აზრს ითვალისწინებს
​დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება საზოგადოების აზრს ითვალისწინებს

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ​დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტიდან გაწვევა სასიხარულოა. ამის შესახებ მან პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და შს მინისტრის გიორგი გახარიას პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ითქვა, რომ კანონპროექტის გაწვევა მოხდება.

„კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა კულტივაციას, იქნება გაწვეული და ეს არის ძალიან სასიხარულო, რადგანაც გამოჩნდა მთელი საზოგადოების დამოკიდებულება. ძალიან კარგია, რომ საზოგადოების აზრს ითვალისწინებს ხელისუფლება. ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ ჩვენს არგუმენტებზე და დღეს ამას აღარ დავბრუნებივართ“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვაში კვლავ იქნებიან ჩართული.

„მარიხუანას მოხმარების რეგულაციების ნაწილში ამ კანონპროექტის განხილვისას ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მაქსიმალურად იყოს დარეგულირებული, რადგან ძალიან არასახარბიელო გარემო შეიქმნა იმის გამო, რომ აქ არის ასეთი ვაკუუმი“, – აღნიშნა დეკანოზმა და თქვა, რომ უნდა გაიმართოს მსჯელობა, გაიზარდოს თუ არა პირთა წრე, ვისთვისაც აიკრძალება მარიხუანას მოხმარება.

ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე აუცილებელია იურისტების მოსმენა.

„ჩვენი მთავარი ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაზიანდეს ნარკოტიკებით. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ და მნიშვნელოვანია, ეს არის საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების უფრო მაღალი ლეგიტიმაციით მიღება, რომ შეიზღუდოს გადაწყვეტილების ორი კაცის მიერ მიღება. არ ვიცი, რას აირჩევენ, ძალიან ზოგადად ვისაუბრეთ, მაგრამ ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს, რომ მოსამართლეების კოლეგია შედგებოდეს უფრო მრავალრიცხოვანი მოსამართლეებისგან, ვიდრე დღეს არის წარმოდგენილი“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.