ბათუმში ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა
ბათუმში ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა

აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, ბათუმში ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფორუმი აჭარისა და გურიის რეგიონებს აერთიანებს და მისი მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართვა.

ასევე, ფორუმის ფარგლებში აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ახალგაზრდობის სააგენტომ ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი წარადგინა.

რეგიონული ახალგაზრდული ფორუმის გახსნაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მონაწილეობდა. თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდული პოლიტიკის და სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფორუმში მონაწილეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა.

„დღეს ბათუმი მასპინძლობს მნიშვნელოვან ახალგაზრდულ ფორუმს. როგორც რეგიონისთვის, ისე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს სტრატეგია, პოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს განვითარების მეტ შესაძლებლობებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ღონისძიებას საქართველოში გაერო-ს მუდმივი წარმომადგენელი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის საბჭოს, UNICEF საქართველოს, ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელი დაესწრნენ.

ღონისძიების მიმდინარეობისას ახალგაზრდობის სააგენტოსა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის UNFPA–ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.